რიტუალისტიკა

რიტუალისტიკა

შოტლანდიური წესდების რიტუალური სისტემა, ძირითადად, დაეფუძნა შოტლანდიური ლოჟების რიტუალებს, ისევე, როგორც „უძველესთა“ წესდებას, რომელიც „სამი მართებული კაკუნი“-ს (“Three Distinct Knocks”) სახელწოდებით გამოქვეყნდა 1760 წელს. შოტლანდიური წესდების რიტუალები განსხვავდება, როგორც სიმბოლურ, ასევე, ზედა ხარისხებში. აშშ-ში, წესდების „რეფორმატორად“ ითვლება ამერიკელი მასონი ალბერტ პაიკი, რომელმაც საკმაოდ შეცვალა რიტუალები, რაც არ გაიზიარეს ევროპაში. საფრანგეთის უმაღლესი საბჭო იყენებს იმ თავდაპირველ რიტუალებს, რომლებიც პაიკის „რეფორმამდე“ არსებობდა. არის „ამავე ოჯახის“ სხვა განსხვავებული რიტუალებიც, მ.შ. თურქული, რუსული თუ სხვა ვერსიებში. ეს მხოლოდ თარგმნით გამოწვეული განსხვავებები არ არის, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რომელ კონკრეტულ რიტუალებს (მ.შ. სიმბოლური პირველი სამი ხარისხის) იყენებს, ესა თუ ის, მასონური მორჩილება – იურისდიქცია. 

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების – სისტემის რიტუალები განსხვავდებიან, როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული კუთხით – მუშაობის დროს, რაც საბოლოოდ ზეგავლენას ახდენს სტრუქტურისა და ძმის მასონურ განვითარებაზე. უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდებისთვის განმანათლებლობის და განვითარების საფეხურებზე ასვლა-წინსვლა დაკავშირებულია ინდივიდი მასონი ძმის საკუთარი თავისა და მის გარშემო არსებული სამყაროს შემეცნებაზე, არსებული ცოდნის გაფართოვებაზე. წარმოიდგინეთ ამოტრიალებული პირამიდა, სადაც ქვემოთ, ვიწრო წვერში – სიმბოლური ხარისხებია, ზევით კი – სამკუთხედი პირამიდის ფუძეში – ამ წესდების ზედა ხარისხებია. სწორედ ქვემოდან ზემოთ ფართოვდება ამ წესდებაში ცოდნა და პრაქტიკა. ამასთან, განმანათლებლობა მოდის ზემოდან ქვევით. უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების ზედა ხარისხებში უფრო მეტად იშლება ალქიმიური, ეზოთერული, მათ შორის – სხვადასხვა ოკულტური საზოგადოების იდეების შერწყმით, მიღებული ცოდნა. შოტლანდიურ წესდებაში მნიშვნელოვანია ინდივიდი ძმის ხარისხების ნაშრომები, მათი კვლევა – ძიება და ლოჟის წინაშე საკუთარი ხუროთმოძღვრული ნახაზის წარდგენა.

უძველეს და მიღებულ შოტლანდიურ წესდებაში დაშვებულია (და ხშირად აუცილებელიც კი), ძმის ინდივიდუალური მისწრაფებების გათვალისწინებით, რიტუალური მუშაობების, სისტემის ფარგლებს გარეთ გასვლაც, სხვადასხვა თემაზე მსჯელობა, როგორიც არის ალქიმია, ფილოსოფია, ეზოთერიკა, ჰერმეტიზმი თუ კაბალა, ა.შ. . უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება მეტწილად „სინთეზია“ სხვადასხვა როზენკროიცერული, ალქიმიური, ჰერმეტიკული, კაბალისტური, ეზოთერული უძველესი ტრადიციებისა.

ევროპული კონტინენტური რეგულარული მასონობა, რომლისთვისაც უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება წარმოადგენს ერთ – ერთ უმთავრეს და აღიარებულ მიმართულებას, ჯეიმს ანდერსონის კონსტიტუციასთან ერთად, ეყრდნობა 1875 წლის მსოფლიოს უმაღლეს საბჭოთა ლოზანის კონვენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს – რეზოლუციებს, ისევე, როგორც ვილჰელმსბადის კონვენტის ბერლინის კონვენტის გადაწყვეტილებებს. უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების ზედა ხარისხებში მოცემულია ჰირამის ლეგენდის განვრცობა, შემოდის მისტიკური ცოდნა, რომელიც დაკავშირებულია ჰერმეტიზმთან, კაბალასთან, ვარდისა და ჯვრის [როზენკროიცერთა] საზოგადოებასთან, სხვადასხვა რაინდული (მათ შორის – ტაძრელთა) ტრადიციებთან.

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების ხარისხების პრაქტიკა განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანში და იურისდიქციაში, მაგ., შესაძლებელია ძმის ინიცირება მეოთხე („საიდუმლო ოსტატის“) ხარისხში, შემდგომ მეცხრე, მეთორმეტე, მეთოთხმეტე და ა.შ. ხარისხებში. ის ხარისხები, რომელიც „პრაქტიკაში“ აღარ გამოიყენება, ძმას გადაეცემა „თეორიულად“, სიტყვიერად. მაგალითად, მეცხრე ხარისხში აყვანისას (რომლის დროსაც ტარდება მეცხრე ხარისხის რიტუალური მუშაობა), ძმას გადაეცემა  მეექვსე, მეშვიდე და მერვე ხარისხების ცოდნა და რიტუალი თეორიულად. ძალიან საინტერესოა ოცდა მეათე ხარისხი, რომელსაც „კადოშის [წმინდა] რაინდი“ ან „თეთრი და შავი არწივის რაინდი“ ეწოდება. ამ ხარისხის რიტუალში, გასანდობარი ძმები სიმბოლურად განასახიერებენ ტაძრელ რაინდებს, რომლებიც სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ძმები, ვინც მონაწილეობენ კანდიდატთა აწევაში, ჩირაღდნებით ხელში, განასახიერებენ იმ პროცესიას, რომელიც მეთოთხმეტე საუკუნეში, საფრანგეთში, წინ უძღვოდა ტაძრელთა დიადი ოსტატის – ჟაკ დე მოლეს კოცონზე დაწვას. როგორც, ერთგვარად, მესამე ხარისხში, ასევე, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების ოცდამეათე ხარისხშიც, რიტუალი ალეგორიულად  დაფუძნებულია სიკვდილისა და აღდგომის საკითხებზე. ამ ხარისხის არსი ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის გამარჯვებაა.

მასონები პენტაგრამის ძალის, შესაძლებლობების და სიმტკიცის გავლენით იკრიბებიან და მუშაობენ, სამწუხაროდ, დღეს ბევრმა არც იცის ამ უძველესი სიმბოლოს შინაარსის და მისი ოკულტური მნიშვნელობის შესახებ. შოტლანდიური წესდების ოცდამერვე საფეხურზე ხდება „მზის რაინდის“ დარიგება და პენტაგრამის დანიშნულების ახსნა. ხუთქიმიანი ვარსკვლავი კაბალის მიხედვით მიკროპროსოპოსია, ადამიანის ფიგურაა, ოთხი კიდურით წვერზე და თავით ზევით, ჰორიზონტალურად აღმართული. ეს ნიშანი, ისეთივე ძველია, როგორც ისტორია, შეიძლება უფრო ძველიც, ვიდრე ისტორია. მისი ბოლომდე გაგება ორი სამყაროს (სულიერისა და მატერიალურის) გასაღებია. ის არის აბსოლუტური ფილოსოფია (ჰერმეტიზმი) და ბუნებრივი მეცნიერება (ალქიმია). მაგიის ყველა მისტერია, კაბალისტური წინასწარმეტყველების ყველა გასაღები, გნოსტიკური და ოკულტური ფილოსოფიის ყველა სიმბოლო, შეიძლება განვიხილოთ კრებითად პენტაგრამის ნიშნის ქვეშ.

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების ნაწილია, მე-18 საუკუნეში მასონობასთან „შერწყმული“ როზენკროიცერთა, ანუ ვარდისა და ჯვრის საზოგადოების რიტუალებიც. სწორედ ამ (15°-18°) ხარისხებს აერთიანებს სუვერენული ვარდისა და ჯვრის კაპიტული. ძველად, ამ ხარისხების მიმღები ძმა ითვლებოდა არისტოკრატიული ფენის ნაწილად, იგივე, გერმანიასა და საფრანგეთში. ამ ხარისხებში ძმას ჰქონდა უფლება ეტარებინა დაშნა და თავსაბურავი, რაც იმ დროის არისტოკრატიის პრივილეგია იყო მხოლოდ. ასეთივე გზა გამოიარა „კადოშის“  საიდუმლო საზოგადოებამ, რომელიც შეუერთდა მასონობას და მისი რიტუალისტიკა და იდეები გამოხატულია წესდების 19-30 ხარისხებში.

წესდების რიტუალისტიკის სისტემატიზაციაში და ფრანგულიდან ინგლისურად თარგმნაში, დამსახურებული წვლილი მიუძღვის ფრანგ ეტიენ მორენს და ჰოლანდიელ ჰენრიხ ფრანგეკნს. სწორედ ფრანკენის, 1783 წლით დათარიღებული, ხელნაწერები დაედო საფუძვლად 25 ხარისხიან „სრულყოფილების წესდებას“. ფრანკენი ეწეოდა სერიოზულ რედაქციულ სამუშაოს, არის მოსაზრება, რომ წესდება თავიდან შედგებოდა 21 ხარისხისგან (4-24) და რომ, 25-ე ხარისხი ფრანკენის შრომის შედეგად ჩამოყალიბდა. ეს მოსაზრება დაფუძნებულია, ამ ეტაპზე, არსებულ ისტორიულ – არქეოლოგიურ კვლევებზე, ვინაიდან ფრანკენის მოღვაწეობის პერიოდამდე ნაპოვნია მხოლოდ 4-24 ხარისხების რიტუალები. ჰენრიხ ფრანკენმა გამოიყენა საფრანგეთის დიადი ლოჟის 1763 წლის კონსტიტუცია (თავად დაათარიღა 1762 წლით), რომელიც დაედო საფუძვლად წესდების სისტემის ფორმალურ საძირკველს. შოტლანდიური წესდების შექმნას კი, საფუძვლად დაედო 1786 წლის კონსტიტუცია, რომელიც ფრანკენის კონსტიტუციის განახლებული ვერსია გახლდათ.

ჰენრი ენდრიუ ფრანკენი დაიბადა ჰოლანდიაში ან ჰოლანდიის კოლონიაში, 1757 წელს გადავიდა იამაიკაზე საცხოვრებლად, სადაც იგი გახდა ბრიტანეთის ნატურალიზებული მოქალაქე. სწორედ ამ დროს ფრანკენმა გაიცნო მორინი, რომელმაც მას მეოთხე – მეთოთხმეტე ხარისხის რიტუალები მიაწოდა. 1762 წლისთვის, ფრანკენი დასაქმებული იყო ადგილობრივი მთავრობის სტრუქტურებში, ეკავა ვიცე-ადმირალის, სასამართლო მარშალისა და სერჟანტის თანამდებობები. მომდევნო წლებში ფრანკენი ღრმად ჩაერთო მასონობაში, მოგზაურობდა აშშ-ში და აღმოსავლეთში, მასონური საქმიანობით. 1771 წელს, მან გადაწერა თავისი ხელნაწერის პირველი დათარიღებული ასლი. ხოლო, ხელნაწერის 1783 წლის ასლი, რომელიც ეკუთვნის შოტლანდიური წესდების აშშ-ის ჩრდილო იურისდიქციას, წარმოადგენს მათგან ყველაზე სრულყოფილს. ის ერთ-ერთია იმ ოთხიდან, რაც ჩვენთვის ცნობილია.

ბევრი, ვისაც სმენია 1783 ფრანკენის ხელნაწერის შესახებ, ვარაუდობს, რომ ჩრდილოეთ იურისდიქციის უმაღლესი საბჭო ფლობდა მას დაარსების დღიდან (1813), მაგრამ ფაქტობრივად, იგი მხოლოდ 1935 წელს  გახდა ამ ხელნაწერის მფლობელი. აშშ-ს ჩრდილოეთ იურისდიქციის უმაღლესი საბჭოს და შოტლანდიური წესდების მასონური მუზეუმისა და ბიბლიოთეკის 80 წელზე მეტი ხნის ზრუნვის შემდეგ, ხელნაწერი საგულდაგულოდ იქნა გადაწერილი და დაბეჭდილი ანოტაციებით. ფრანკენის რიტუალები შოტლანდიური წესდების ყველაზე ადრეული შემორჩენილი ინგლისურენოვანი ვერსიებია. შოტლანდიური რიტუალები ფრანგულენოვანი იყო და ჯერ „სრულყოფილების წესდების“ და მოგვიანებით უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების რიტუალურ სისტემაში ფრანკენის მიერ ნათარგმნი რიტუალები შევიდა. ასე რომ, ერთის მხრივ, თუ გსურთ გადახედოთ შოტლანდიური რიტუალების ფესვებს, ფრანკენის ხელნაწერი ამის მშვენიერი საშუალებაა.

რაც შეეხება ცვლილებებს, ალბერტ პაიკის დამსახურებით, შოტლანდიური წესდების ჩრდილოეთ  და სამხრეთ იურისდიქციის რიტუალები გადაკეთდა, შეიცვალა და გადაიხედა ბევრგზის, ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში. ეს ცვლილებები არ შეეხო ფრანგულენოვან წესდებას, რომელიც უძველეს შოტლანდიურ რიტუალებს იყენებს. საფრანგეთის უმაღლესი საბჭო იყენებს იმ რიტუალებს, რომლებიც ფრანგულიდან ინგლისურად თარგმნა ჰენრი ფრანკენმა. მთავარი განსხვავება ისაა, რომ შოტლანდიურ – ფრანგულ რიტუალებს უფრო დიდი ნარატივი აქვთ, უფრო მკაფიო კავშირით მასონობის პირველ სამ სიმბოლურ ხარისხთან. იმავე ტექსტის კონცეფციის გაფართოებით, შეიძლება აღინიშნოს, რომ წესდების ზედა ხარისხები მოქმედებენ როგორც სიმბოლური ლოჟის ხარისხების გაგრძელება, ერთიანი სისტემა. ამიტომ, საფრანგეთში ითვლება, რომ წესდება მოიცავს ოცდა ცამეტივე ხარისხს, ამასთან, იურისდიქცია გაიმიჯნა, სიმბოლურ და ე.წ. „ზედა ხარისხებს“ შორის.

ფრანკენის ხელნაწერის შექმნა არ იყო მხოლოდ ტექნიკური ნიჭის და დროის საკითხი. ეს მოითხოვდა ხედვასა და სურვილს ზემოდან, რომ პრიორიტეტი გამხდარიყო. 1783 წლის ფრანკენის ხელნაწერი გთავაზობთ უნიკალურ ხედვას შოტლანდიური წესდების და რიტუალისტიკის წარმოშობაზე. ჩვენ ძალიან გაგვიმართლა, რომ შოტლანდიური წესდების ჩრდილო იურისდიქციას გააჩნია შესაბამისი რესურსები, რამაც მათ საშუალება მისცა შეექმნათ ხელნაწერთა ბეჭდვითი პუბლიკაცია, რომელიც აძლიერებს ჩვენს გაგებას მასონური რიტუალისტიკის შესახებ. ჩვენი თანამედროვე რიტუალების, ჩვენი წინაპრების რიტუალებთან შედარება იშვიათი შესაძლებლობაა. ხელნაწერის მეორე ნიმუში ეკუთვნის შოტლანდიური წესდების აშშ-ს სამხრეთ იურისდიქციას, რომელმაც, აგრეთვე, დაბეჭდა და გამოაქვეყნა იგი. ეს უაღრესად საინტერესო ნამუშევარი მოიცავს სისტემის სრულ რიტუალებს, 4 (საიდუმლო ოსტატი) – 25 (სამეფო საიდუმლოს უფლისწული) ხარისხებს. გამოცემაში, ასევე, შედის 27-ე ხარისხის, სამეფო თაღის რაინდის და შოტლანდიელი დიდოსტატის ცალკეული ხარისხები, რომლებიც გამოსახულია ხელნაწერის ამ ვერსიის უკანა მხარეს.

ამ ხელნაწერების შესწავლა და მათი შედარება ფრანგულ ორიგინალთან საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან ალბერტ პაიკის და ზოგადად, შოტლანდიური წესდების აშშ-ს ორივე იურისდიქციის მიერ განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, ინგლისურენოვანი რიტუალები ძალზედ განსხვავდება საწყისი რიტუალებისგან. მათი პრაქტიკაც განსხვავდება, მაგ. იგივე აშშ-ში რიტუალური მუშაობები რიგ ხარისხებში საერთოდ არ ტარდება და მათი „გადაცემა“ მხოლოდ ვერბალურად ხდება. ამიტომ, ხშირია აშშ-ში (განსაკუთრებით ჩრდილო იურისდიქციაში), ოსტატი მასონის აყვანა პირდაპირ 32-ე ხარისხში. შოტლანდიური წესდების ევროპული იურისდიქციები, ამ პრაქტიკას არ სცნობენ. ინგლისში, წესდებაში მიღება ხდება მე-18 ხარისხში და შემდგომ, გადაყვანა პირდაპირ 30-ე ხარისხში, სისტემას კი ეწოდება – „უძველესი და მიღებული წესდება“. 30-ე ხარისხში გადაყვანაც დაშვებულია მხოლოდ კაპიტულების ხელმძღვანელთათვის. 31-32 ხარისხები კი – მცირერიცხოვანი წრისთვის არის ხელმისაწვდომი, ვინც წესდების ადმინისტრირებით არის დაკავებული, ხოლო ოცდა მეცამეტე ხარისხი, ინგლისში, მხოლოდ უმაღლესი საბჭოს 9 წევრს და მოქმედ დიად ოსტატს გააჩნიათ. ინგლისში წესდების წევრი შეიძლება გახდეს მხოლოდ ქრისტიანი მასონი, რომელიც მანამდე „სამეფო თაღის“  (Royal Arch) წევრია.

საფრანგეთში, 1804 წელს დაფუძნებული, მსოფლიოში მეორე და ევროპაში პირველი შოტლანდიური წესდების უმაღლესი საბჭო მუშაობს უძველესი რიტუალებით. მიღება ხდება მეოთხე, მეთორმეტე, მეთოთხმეტე, მეთვრამეტე, ოცდამერვე, ოცდამეათე და ზედა ხარისხებში. მაგ. ბელგიის უმაღლესი საბჭო რიტუალურად ატარებს მეხუთე და მეცხრე ხარისხების მუშაობებსაც. უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება, ყველა სხვა მასონური წესდებისგან განსხვავდება, მისი სისტემის სიღრმით. იგი იკვლევს, შინაგანი „მე“-ს შემეცნებით – გარეშე სამყაროს, ღიაა ამ სამყაროსთვის. შოტლანდიური წესდების ერთ-ერთ ხარისხში, მუშაობაც კი ტარდება ღია კარის პირობებში. შეიძლება ითქვას, რომ წესდება წმინდა იმპერიის იდეას ავითარებს, სწორედ ამის სიმბოლოა ზედა ხარისხებში ამოტრიალებული სამკუთხედი.

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების სისტემის საფუძველია ვალდებულების, მოვალეობის გრძნობა, რომელიც წარმოდგენილია რაინდული მაქსიმით – „გააკეთე ის რაც სავალდებულოა, და რაც იქნება – იქნება!“. ამ იდეის გააზრება მოდის წესდების ორი დევიზიდან – Ordo Ab Chao (წესრიგი ქაოსიდან) და Deus Meumque Jus (ღმერთი და ჩემი უფლება). ყველა ძმის ენერგია, ვინც ამ კონსტრუქციულ გზაზე მიდის, მიმართულია გარე სამყაროს ენერგიის ნაწილაკების შეგროვება – მოწესრიგებისკენ. აქ, უკვე, დასამუშავებელი ქვა არა მხოლოდ ქვისმთლელია, არამედ მთელი სამყარო, რომლიც მის გარშემოა. სწორედ ეს არის პირველი დევიზის არსი. მეორე დევიზი კი, მოიცავს წესდების ფარგლებში გამართულ მთელს მუშაობას –  ყველაფერი რაც კეთდება, სრულდება სამყაროს შემქმნელის სადიდებლად, მაგრამ იმ წესით და საშუალებებით, რომლებსაც განსაზღვრავს თავად ინდივიდი, მისი მოვალეობათა სისტემის საფუძველზე. შოტლანდიური წესდების სტრუქტურები მუშაობენ (ისევე, როგორც სიმბოლური მასონური ლოჟები), სულ მცირე, თვეში ერთხელ მაინც.