წესდების შესახებ

წესდების შესახებ

„შოტლანდიური წესდების“ რიტუალები არსებობდა უძველესი ხანიდან. XVII საუკუნის ბოლოს – XVIII საუკუნის დასაწყისში, ეს “შოტლანდიური“ რიტუალები (მათი  რიცხვი  მაშინ  25-ს შეადგენდა) მოხვდა საფრანგეთში შოტლანდიიდან, ბორდოს ლოჟის გავლით. რიტუალების  სახელწოდება, შოტლანდიელი ემიგრანტების დამსახურებაა, რომლებიც ინგლისელებს გაურბოდნენ საფრანგეთში.

Andrew Michael Ramsay

რიტუალების სისტემა, როგორც ერთიანი სტრუქტურა, მაშინ ჯერ არ არსებობდა. ენდრიუ რამსეის (Andrew Michael Ramsay) მეშვეობით, „მაღალი საფეხურების“ სისტემა ნელ-ნელა დამკვიდრდა ბევრ ფრანგულ ლოჟაში.

XVIII საუკუნეში კი – ფრანგულ კოლონიებში შოტლანდიური რიტუალები ეტიენ მორინთან (Étienne Morin) ერთად შევიდა, როდესაც შევალიე მორინი „ახალი სამყაროს დიად ინსპექტორად“ დაინიშნა.

მან 25 საფეხურიანი წესდებით მომუშავე „სრულყოფილების ორდენი“ ჩამოაყალიბა სან-დომინგოზე და სწორედ კარიბის ზღვის ამ კუნძულიდან გავრცელდა შოტლანდიური რიტუალები ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე და შემდგომ მთელს მსოფლიოში.

1765 წელს, სრულყოფილების ორდენი დაფუძნდა ნიუ იორკში, ხოლო 1783 წელს – ჩარლსტონში, სამხრეთ ქეროლაინაში. სწორედ ჩარლსტონში, ვითარდება წესდება (Rite) და ყალიბდება როგორც ერთიანი სტრუქტურა. 1799-1801 წლებში ხორციელდება წესდების რეფორმირება, როდესაც ჩარლსტონში ჩამოდიან მეფე ფრედერიკ დიდის წარგზავნილები – ფრედერიკ დალკო და ჯონ მიტჩელი,  „სრულყოფილების ორდენი“ იცვლის სახელწოდებასა და სტრუქტურას. ემისრებმა ჩამოიტანეს ორდენის ახალი წესდება, რომელშიც დამატებით 8 საფეხური იყო გათვალისწინებული და სახელწოდება იყო შეცვლილი –  ორდენს „უძველესი და მიღებული შოტლანდიური  წესდება“ ეწოდა. მის დაფუძნებაში მონაწილეობდნენ, როგორც ინგლისელი, ასევე ფრანგი მასონები.  

წესდების რიტუალები თავდაპირველად ფრანგულ ენაზე იყო და მხოლოდ მოგვიანებით ითარგმნა ინგლისურ ენაზე. არსებობს თქმულება, რომ ეს რიტუალები, ტაძრელთა (სოლომონის ტაძრის რაინდთა ორდენი) მიერ იყო ჩამოტანილი წმინდა მიწიდან ჯერ საფრანგეთში, ხოლო რაინდთა ორდენის დარბევის შემდგომ – საფრანგეთიდან რიტუალები მოხვდა შოტლანდიაში და „გაიბნა“. ამავე ჰიპოთეზით, ამ პერიოდში იქმნება მასონური ლოჟა, რომელშიც წევრიანდებიან შოტლანდიელები და საფრანგეთიდან ჩასული ტაძრელი რაინდები. ტაძრელებს სრული კონტროლი და ავტონომია გააჩნდათ ამ ლოჟის ფარგლებში და როგორც მკვლევართა ნაწილი აღნიშნავს – ამ ლოჟაში შენარჩუნებული იყო (მე-18 საუკუნის პირველ ნახევრამდე) უძველესი მასონური ტრადიციები, რომლებიც ეფუძნებოდა მისტიკურ – ჰერმეტიკულ და როზენკროიცერულ ფასეულობებსა და სიბრძნეს. 1730-იან წლებში, ამ ლოჟ(ებ)ის წარმომადგენლები გადადიან საფრანგეთში, მ.შ. გამოირჩევა ანდრე – მიშელ დე რამსეი (1686 – 1743) – შოტლანდიელი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

ანდრე (ენდრიუ) მიშელ დე რამსეი დაკავშირებული იყო მასონობასთან საფრანგეთში მისი [თანამედროვე მასონობის, დაფუძნებული „უძველესების“ ტრადიციებზე] შემოღებიდან – 1725 წ.. გრაფი ჩარლზ რედკლიფი, რომელიც, 1736 წლიდან, მოქმედებდა როგორც საფრანგეთის დიადი ოსტატი, ესწრებოდა რამსეის დაკრძალვას. ვარაუდობენ, რომ რამსეი და ჯონ თეოფილიუს დეზაგიულიე ერთი [ფრანგული] ლოჟის წევრებიც იყვნენ ინგლისში [ლონდონში].

1737 წელს, რამსეიმ, პარიზში, წარმოთქვა საჯარო სიტყვა, რომელშიც განსაზღვრავდა ოთხ საკითხს – თუ რა იყო საჭირო იმისათვის, რომ ნეოფიტი [კანდიდატი] გამხდარიყო ფრანგი მასონი: კანდიდატი უნდა ყოფილიყო ფილანტროპი [ქველმოქმედი], მას უნდა ჰქონოდა მორალური ღირებულებები, მას უნდა შესძლებოდა საიდუმლოებათა შენახვა და თანაგრძნობა მეცნიერებისა და სახვითი ხელოვნების მიმართ.

ამავე წელს, რამსეიმ დაწერა თავისი დისკურსი, რომელიც უნდა წარმოეთქვა თავისუფალი მასონების [საფრანგეთის დიადი ლოჟის] კრებაზე, როგორც ფრანგული მასონური ორდენის დიად მჭევრმეტყველს. ამ დისკურსში, მან დააკავშირა [წარმოადგინა მტკიცებულებები] მასონობა ჯვაროსან რაინდებთან [ტაძრელები – ტამპლიერები]. რამსეიმ ჩათვალა, რომ მისი გამოსვლა იმსახურებდა გაბატონებული კათოლიკური ეკლესიის  ყურადღებას და ტექსტი გაუგზავნა საფრანგეთის კარდინალ ფლერის.

თანდართულ წერილში რამსეიმ განაცხადა: „ვალდებულებები, რომლებიც დაწესებულია მასონობაში, გვავალდებულებს დავიცვათ ჩვენი ძმები ჩვენი ავტორიტეტით, გავანათლოთ ისინი ჩვენი ცოდნით, განვავითაროთ ისინი ჩვენი სათნოებით, დავეხმაროთ მათ საჭიროებებში და ვიბრძოლოთ ყველაფრისკენ, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების მშვიდობასა და ერთიანობას“. რამსეი თხოვდა კარდინალ ფლერის მასონობის მორალური და ეთიკური პრინციპების „დალოცვას“ და მშვიდობიან თანაარსებობას, მაგრამ, მიიღო ფლერის ცივი უარი და კარდინალის მიერ მასონობის აკრძალვა საფრანგეთში… რამსეი, ფრანგი მასონებისადმი მიმართვაში, ხაზს უსვამდა შოტლანდიური მასონობის უპირატესობას, მის „ტრადიციულობას“ და ავთენტურობას. ამ პერიოდში, „შოტლანდიური მასონობა“ საფრანგეთში ჩამოყალიბდა ლოჟების სახით, მათ მიეცათ ცალკე მუშაობის და განვითარების უფლება, ლოჟებში ფრანგებიც

წევრიანდებოდნენ. ამ ლოჟებში ინერგებოდა სწორედ ის რიტუალები, რომლებიც მოგვიანებით ქმნიან ჯერ „სრულყოფილების“ და შემდგომ „უძველეს და მიღებულ შოტლანდიურ“ წესდებებს.

რამსეი მოუწოდებდა მასონებს [მასონ – Maçon ფრანგული სიტყვაა და ქვას, ქვისმთლელს ნიშნავს] ტერმინი „ქვისმთლელი“ არ მიეღოთ პირდაპირი მნიშვნელობით, რადგან საუბარი არ იყო პრაქტიკულ ქვისმთლელობაზე, არამედ – საკუთარი „მე“-ს, ინდივიდის, ადამიანის განვითარებაზე. ფრანგი მასონები აქტიურად უერთდებოდნენ „შოტლანდიური წესის“ ლოჟებს, რადგან ბევრ საერთო საფუძველს ხედავდნენ მათ საკუთარ ტრადიციებსა და ამ შოტლანდიური წესის ლოჟების ეზოთერიკულ და ოკულტურ ტრადიციებში. „შოტლანდიური წესდების“ ტრადიციულ ხარისხებში შეხვდებით ბევრ ფარულ თუ ღია მინიშნებას სხვადასხვა მისტიკურ თუ ოკულტურ სწავლებაზე, მ.შ. კაბალაა, ალქიმია, საკრალური გეომეტრია და ჰერმეტიზმი.

1801 წლის 31 მაისს, ჩარლსტონში, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების ოცდა მეცამეტე და ბოლო ხარისხის გენერალურ ინსპექტორთა მსოფლიოში პირველი უმაღლესი საბჭო დაფუძნდა (მას ეწოდება „სამხრეთ იურისდიქცია“). ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე შოტლანდიური წესდება აქტიურად მხოლოდ სამხრეთ შტატებში ვითარდებოდა, ჩრდილოეთით კი – ბრიტანული მიმართულება დომინირებდა. ასეთი სუსტი პოზიციები აშშ-ის სამოქალაქო ომის დასრულებამდე შენარჩუნდა, მხოლოდ 1867 წელს, შოტლანდიური წესდება გაძლიერდა აშშ-ის ჩრდილოეთშიც, როდესაც წესდების „ჩრდილოეთ მასონური იურისდიქცია“ დაფუძნდა.

1802 წელს, წესდების აშშ-ს „სამხრეთ იურისდიქცია“ გასცემს პატენტს (წერილობითი ხელდასმითი ნებართვა), რომელიც საფრანგეთში ჩადის და გადაეცემა ფრანგ მასონებს. ასე, საფრანგეთიდან წასული შოტლანდიური უძველესი რიტუალები, უკან დაბრუნდა ისევ საფრანგეთში, ახალი სისტემის, წესდების სახით. 1804 წელს, მსოფლიოში მეორე, ხოლო ევროპაში პირველი – საფრანგეთის უმაღლესი საბჭო ფუძნდება.

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების დევიზია „Ordo ab Chao“, რომელიც განიმარტება, როგორც “წესრიგი ქაოსის მიღმა“ ან „წესრიგი ქაოსიდან“ . ეს დევიზი საუკეთესოდ ასახავს ორდენის არსს მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც მასონობა იყო უდიდესი ღირსება, პატივი და ამასთან, ორდენი აძლევდა მის წევრებს საშუალებას, მიეღოთ დამატებითი ცოდნა. ეს დევიზი პირველად, სწორედ, 1802 წელს სამხრეთ იურისდიქციის მიერ გაცემულ
პატენტში გამოჩნდა.

საფრანგეთიდან, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების უმაღლესი ხარისხები ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა, უმაღლესი საბჭოები ფუძნდება ნიდერლანდებში, იტალიასა და სკანდინავიაში, ა.შ.. უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების პირველი სამი – შეგირდის, თანამოძმის და ოსტატის ხარისხების რიტუალები, შედის დიადი ლოჟის სუვერენულ იურისდიქციაში, ხოლო მეოთხე – ოცდა მეცამეტე ხარისხები – უმაღლესი საბჭოს სუვერენულ იურისდიქციაში. ეს ორი სტრუქტურა ერთმანეთის იურისდიქციაში არ ერევა და მათ შორის ჰარმონიული ძმური

ურთიერთობები და თანამშრომლობაა. თავისთავად, ძმა მასონი უნდა იყოს აყვანილი ოსტატის (მესამე) ხარისხში, იმისათვის, რომ მან (სურვილის და მიწვევის შემთხვევაში) განვითარება გააგრძელოს წესდების უმაღლეს ხარისხებში.

თუ დიად ლოჟას ხელმძღვანელობს დიადი ოსტატი და დიად ოფიცერთა კოლეგია, წესდების უმაღლეს საბჭოს ხელმძღვანელობს დიადი სუვერენული კომანდორი და დიად ოფიცერთა შემადგენლობა. აღნიშნული წესდება ინგლისშიც არსებობს, თუმცა, იქ მას „უძველესი და მიღებული წესდება“ ეწოდება. კონტინენტურ ევროპაში კი, შეხვდებით უძველესი და მიღებული შოტლანდიურ წესდების ლოჟებსაც, სადაც რეგულარულობის ერთ-ერთი პრინციპიდან გამომდინარე – პირველი სამი სიმბოლური ხარისხი დიადი ლოჟის, ხოლო ზედა ხარისხები – უმაღლესი საბჭოს იურისდიქციაში შედის. ამასთან, „წესდება“ უწყვეტია იდეურად პირველიდან ოცდა მეცამეტე ხარისხის ჩათვლით.

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების სისტემაში  შედის რამდენიმე სტრუქტურა – ლოჟა, მათ შორის:

  • სრულყოფილების ლოჟა: მეოთხე – მეთოთხმეტე (4°-14°) ხარისხები, მუშაობა სოლომონის ტაძრის, დაკარგული სიტყვის და შემქმნელის უთქმელ სახელთან დაკავშირებულ რიტუალებზეა დაფუძნებული.
  • სუვერენული როზენკროიცერული კაპიტული – მეთხუთმეტე – მეთვრამეტე (15°-18°) ხარისხები, რომელშიც მუშაობა დაკავშირებულია ტამპლიერულ, კაბალისტურ და როზენკროიცერულ მისტერიებთან.
  • სუვერენული როზენკროიცერული კაპიტული – მეთხუთმეტე – მეთვრამეტე (15°-18°) ხარისხები, რომელშიც მუშაობა დაკავშირებულია ტამპლიერულ, კაბალისტურ და როზენკროიცერულ მისტერიებთან.
  • სამეფო საიდუმლოს უფლისწულთა ტრიბუნალი  და კონსისტორია – ოცდა მეთერთმეტე და ოცდა მეთორმეტე ხარისხები, მეტწილად ადმინისტრაციული ხარისხებია.
  • უმაღლესი საბჭო – ოცდა მეცამეტე და ბოლო ხარისხი.

ინგლისმა წესდების წარმოშობის შოტლანდიური ფესვები არ მიიღო და ამ სისტემას მხოლოდ „უძველესი და მიღებული წესდება“ უწოდა. ასევე, ძველი რიტუალები თითქმის უცვლელად მხოლოდ საფრანგეთში (საფრანგეთის უმაღლესი საბჭო – Suprême Conseil de France) და მისგან გაცემულ პატენტიან იურისდიქციებში შემორჩა, აშშ-სა და ინგლისურ კოლონიებში რიტუალებმა სახე იცვალეს. განახლებულ რიტუალთა ყველაზე ცნობილ ავტორად ალბერტ პაიკი ითვლება. 1862 – 1868 წლებში, ალბერტ პაიკი მიდის ოზარკის მთებში, სადაც ის, მთელი ეს პერიოდი, ცხოვრობს მარტო, სწავლობს ჰერმეტიკას, ალქიმიას, კაბალას, აღმოსავლურ ხელნაწერებსა და ფილოსოფიას. ამავე პერიოდში, იგი ამუშავებდა შოტლანდიური წესდების რიტუალებს, დასავლური ეზოთერიკული ტრადიციების კვალდაკვალ. მუშაობის დასრულების შემდგომ, იგი მიემგზავრება ქ. ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქი და გადასცემს თავის ნაშრომებს

შოტლანდიური წესდების ჩრდილოეთ იურისდიქციის უმაღლეს საბჭოს. ა. პაიკი ვაშინგტონში 1891 წელს გარდაიცვალა. პაიკის კვლევების შედეგებს და დასკვნებს, წესდების ბევრი უმაღლესი საბჭო არ იზიარებს.

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების სტრუქტურა იერარქიულია, სადაც ხელისუფლება კონცენტრირებულია უმაღლესი საბჭოს და დიადი სუვერენული კომანდორის ხელში. ეს ხელისუფლება შეუვალი და აბსოლუტურია. მხოლოდ ოცდა მეცამეტე ხარისხის მატერებელი ძმები განსაზღვრავენ წესდების ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა თემას თუ ასპექტს. უძველესი ტრადიციის მიხედვით, ოცდა ცამეტთა უმაღლესი საბჭოს წევრი მხოლოდ ოცდა ცამეტი ასეთი ძმაა, სიცოცხლის ბოლომდე. ძმა შეიძლება იყოს 33-ე ხარისხში, მაგრამ არ იყოს უმაღლესი საბჭოს ოფიცერი. წესდების ყველა წევრი, მათ შორის 33-თა საბჭო, ემორჩილება დიად სუვერენულ კომანდორს, რომელსაც სხვადასხვა იურისდიქციაში სხვადასხვ ვადით ირჩევენ (მაგ. – 9 წელი ან სამუდამოდ). სუვერენული დაიდი კომანდორის ძალაუფლება განსაზღვრულია წესდების კონსტიტუციითა და საერთო რეგლამენტით, ამასთან, მას გააჩნია ფართო უფლებამოსილებანი.