საქართველოს დიადი ლოჟის შექმნიდან დღემდე, მის საფარველ ქვეშ და წიაღში მომუშავე სიმბოლური ღირსეული ლოჟების უმეტესობა მუშაობს უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების (სისტემის) პირველ სამ სიმბოლურ ხარისხში, რომელიც აღდგენილი იყო ფრანგი მასონების მიერ უძველესი რიტუალებიდან და სწორედ ეს რიტუალები ითარგმნა ქართულ ენაზე და სრულად შეესატყვისება ორიგინალს.
მხოლოდ დიადი ლოჟის ნებართვის შეიძლება დაფუძნდეს სხვა მასონური ერთეულები ქვეყნის ტერიტორიაზე, მაგალითად – ე.წ. „ზედა ხარისხების“ სისტემები, რომელთა რაოდენობა არც თუ ისე ცოტაა მსოფლიოში. დიადი ლოჟა და მასონური წესდების შესაბამისი ხელმძღვანელი სტრუქტურა აფორმებენ ხელშეკრულებას, კონკორდატს. წესდების ზედა ხარისხებში მიღება ხდება მხოლოდ დიადი ლოჟაში მესამე – ოსტატის ხარისხის მიღწევის შემდგომ. დიადი ლოჟა და ასეთი დამატებითი ხარისხების სტრუქტურები არსებობენ ცალ-ცალკე და არ ერევიან ერთმანეთის შიდა ადმინისტრაციულ თუ რიტუალურ მუშაობაში.
მე–18 საუკუნეებში მასონურ სისტემაში ერთიანდება (ერწყმება) ბევრი ალქიმიური, როზენკროიცერული (ვარდისა და ჯვრის), ტაძრელთა (ტამპლიერები), მარტინისტთა და ჰერმეტიკული, თუ სხვა საზოგადოება. ამ სისტემებს ეწოდა „წესდება“ ანუ Rite-ი. მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და გავრცელებულია „უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება“, რომელსაც სიმბოლური სამი ხარისხის დამატებით ოცდა ცხრა და ერთი ხარისხი გააჩნია.
კონტინენტურ ევროპაში და ჩრდილოეთ ამერიკაში – „უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება“ დაყოფილია „შრეებად“, მაგ. : 4-14 ხარისხები ერთ სისტემაშია, ერთი სტრუქტურაა და მას „სრულყოფილების ლოჟა“ ეწოდება; 15-18 ხარისხები – „როზენკროიცერული კაპიტული“; 19-30 – „არეოპაგი“; 31 და 32 ხარისხები – ტრიბუნალი და კონსისტორია, ხოლო, 33-ე ხარისხი – უმაღლეს საბჭოში შედის.
დამატებითი ინტერესის და ენერგიის გაცვლის სურვილის შემთხვევაში, არსებობს სხვადასხვა მასონური წესდება, სადაც თავისუფალ ქვისმთლელს აქვს საშუალება ჩაერთოს, როგორც კი ოსტატი მასონის ხარისხს მიაღწევს. ამ წესდებებში ყველაზე მძლავრი და გავრცელებული, როგორც აშშ-ში, ასევე კონტინენტურ ევროპაში არის უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება. ეს წესდება რჩება ისეთივე დინამიური, როგორიც ის შექმნის პერიოდში იყო, ამასთან, ევროპული და განსაკუთრებით ფრანგული (1804 წელს დაფუძნებული) უმაღლესი საბჭოები ინარჩუნებენ უძველეს რიტუალებს და ტრადიციებს, აშშ-ში გარკვეულმა ტრადიციებმა და რიტუალებმა ალბერტ პაიკისა და სხვათა დამსახურებით სახე იცვალა. უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება „უძველესთა“ ხაზს მიეკუთვნება. უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების ფერი – წითელია, ალქიმიური პროცესის სიმბოლო.
შოტლანდიური წესდების ზედა ხარისხებში წარმოდგენილია მხოლოდ ბიბლია, როგორც წმინდა კანონთა კრებული, რომელიც ჭეშმარიტების წყაროა, იგი აძლევს საზრისს ჩვენს მუშაობას, სამყაროს დიადი ხუროთმოძღვრის სადიდებლად. მას რელიგიური დატვირთვა არ აქვს, ის არ არის თეოლოგიური სახელმძღვანელო ლოჟაში.
2017 წელს დაიწყო ქართველი ოსტატი მასონების მიღება სრულყოფილების ლოჟა LP001-ში, ქ. პარიზში. 2020 წლის 16 მარტს კი, უკვე გაიცა ნებართვა – პატენტი, უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ქ. თბილისში, სრულყოფილების ლოჟა „პრომეთე“ -ს დაფუძნებაზე და მუშაობაზე. ვირუსული პანდემიის გამო, სრულყოფილების ლოჟამ მუშაობა მხოლოდ 2021 წელის ივნისიდან დაიწყო. სრულყოფილების ლოჟის ოფიცრები არჩეული არიან 3 წლიანი კადენციით. 2023 წლის მარტში არჩეულ იქნა ახალი სამგზის ძლევამოსილი ოსტატი და ჩატარდა ოფიცერთა კოლეგიის ინსტალაცია.
2022 წლის ივნისს გაიცა ნებართვა – პატენტი, უშუალოდ საქართველოს ტერიტორიაზე, ქ. თბილისში, სუვერენული როზენკროიცერული კაპიტულის „გასხივოსნებული მტრედის რაინდები“-ს მუშაობაზე. კაპიტულის ოფიცრები არჩეული არიან 3 წლით.
2023 წლის აპრილში დაფუძნდა აღმატებული არეოპაგი „Ad Unum Lucem”, ქ. თბილისში.
2023 წლის 6 მაისს – საქართველოს სახელმწიფოს ისტორიაში პირველად დაფუძნდა ერთადერთი კანონიერი და რეგულარული – უძველესი და შოტლანდიური წესდების 33-ე და ბოლო ხარისხის სუვერენულ დიად გენერალურ ინსპექტორთა საქართველოს უმაღლესი საბჭო.
მომავალში იგეგმება, სრულყოფილების ლოჟის გახსნა ქ. ქუთაისში და ქ. ასტანაში (ყაზახეთი) და სუვერენული კაპიტულის გახსნა ქ. ქუთაისში. ასევე, წესდების ტრიბუნალისა და კონსისტორიის დაფუძნება.